ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ არ დააკონკრეტა, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გააგრძელებს საქმიანობას.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
"მე ძალიან მახარებს, რომ პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია საქართველოში არის ერთიანი. მე ვფიქრობ ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ დღევანდელ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულად პარტიასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.
ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან. როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.