საქართველო მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში 154 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა. ინდექსის 2019 წლის მონაცემებს "ბონის კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი" აქვეყნებს.
რეიტინგში ისრაელი ლიდერობს, ყველაზე ბოლო ადგილას კი კოსტა-რიკაა. მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში სომხეთი მე-3, რუსეთი მე-6, აზერბაიჯანი მე-10, თურქეთი კი მე-19 ადგილებს იკავებენ.
საქართველო 2018 წელთან შედარებით 3 პოზიციით არის დაწინაურებული. წინა რეიტინგში ქვეყანა 52-ე ადგილს იკავებდა.
მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის რეიტინგის შედგენისას "მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით" სამხედრო სფეროსთვის განკუთვნილი ხარჯები, ქვეყნის საერთო მოსახლეობაში სამხედრო პერსონალის წილი და მძიმე შეიარაღებაა გათვალისწინებული.