ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების სამარტოო საკნიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრს დღეს გამოუშვებენ. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მას მეგობრები და ახლობლები დახვდებიან.
რა გეგმები აქვს ყოფილ მაღალჩინოსანს და აპირებს თუ არა კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებას - ამ საკითხებზე მერაბიშვილი ჟურნალისტებისთვის კომენტარს ციხის დატოვების შემდეგ გააკეთებს.
"ვანო მერაბიშვილმა მოიხადა 6 წელი და 9 თვე. ეს პერიოდი ამ ადამიანმა სამარტოვო საკანში გაატარა. ამ წლების მანძილზე ხელისუფლება მუდმივად მის გატეხვას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. გაიყვანეს ციხიდან, იყო ინფორმაციის გამოძალვის მცდელობა, რის გამოც სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ. ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მას მოგებული აქვს მე-18 მუხლი. თავს გრძნობს ძალიან კარგად. არის მხნედ," - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
"ვანო მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო, მას სტრასბურგში მნიშვნელოვანი საქმე აქვს მოგებული. ის სავარაუდოდ დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, ხოლო კონკრეტულად საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს საზოგადოებას თავად გააცნობს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმე, 26 მაისის აქციის დარბევა, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკები, ამომრჩევლის მოსყიდვა - ყველა ამ საქმეზე ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სასჯელის ვადა სრულად მოიხადა, თუმცა სასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებზე ახლაც მიმდინარეობს.