30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მესამე სექტორში ფემიციდთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ

გახშირებული ფემიციდის შემთხვევები ქვეყანაში - არასამთავრობოები პრობლემებზე საუბრობენ.

კანონის აღსრულება, პრევენციული ღონისძიებები, განათლება და სოციალური მუშაკების ჩართულობა - ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები თვლიან, რომ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და უფრო აქტიური მუშაობა. 

მესამე სექტორის წარმომადგენლების ორგანიზაციები, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ ქალთა უფლებებზე, ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი ფემიციდთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი, რომ ფემიციდი არის ყოფილი ქმრის, ქმრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ ქალის განზრახ მკვლელობა.

"რეალური პრობლემა მაინც არის კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არა გვაქვს პრევენცია განვითარებული, ანუ ვერ ვახერხებთ უფრო მძიმე ოჯახური დანაშაულების თავიდან აცილებას. არ მუშაობს სახელმწიფოში სოციალური მუშაკის სამსახური, რომელიც პირდაპირ პრევენციით უნდა იყოს დაკავებული. პრევენცია არც პოლიციას არ აქვს კარგად განვითარებული და განათლება, საერთოდ, ამ კუთხით არაფერს არ აკეთებს," - განაცხადა კავშირ "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ამ ჩანაწერის გაჩენასთან და ასევე კანონმდებლობაში ამ მიმართულებით სასჯელის გაზრდასთან და გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ იფიქროს პრევენციულ ნაბიჯებზე, მაგალითად, გააქტიურდეს სოციალური მუშაკის სამსახური და ასევე დაიგეგმოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროექტები, რადგან მესამე სექტორში ამბობენ, რომ სწორედ განათლების ნაკლებობა უწყობს ხელს იმას, რომ ქვეყანაში მსგავსი ძალადობრივი გარემო არსებობს.

"ეს არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქალებს კლავენ ზუსტად იმიტომ, რომ არიან ქალები და მამაკაცებს, უშუალოდ ოჯახის წევრებს განსაკუთრებით, ხშირ შემთხვევაში, მიაჩნიათ მათ საკუთრებად ქალი. ყველაზე საშინელება ის არის ამ ყველაფერში, რომ ხშირად ეს მკვლელობა ხდება სწორედ საჯარო სივრცეებში. ასე ვთქვათ, დასჯის მიზნით საჩვენებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი ხანია ქალთა ორგანიზაციები საუბრობენ ამაზე, რომ უნდა იყოს კრიმინალიზებული და ცალკე მუხლი უნდა იყოს ფემიციდი. შესაბამისად, გვექნება ცალკე სტატისტიკაც ფემიციდის," - აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ელენე რუსეცკაია.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები