აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ეუთოსა და ნატოს წარმომადგენლები. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
რეგიონში არსებულ ვითარებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს
"შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციას," - წერს ზურაბიშვილი twitter-ზე.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, გუშინ დონბასში პრორუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც უკრაინამაც უპასუხა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 უკრაინელი სამხედრო. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა პროვოკაცია უწოდა.