”ხოშტარია წადი" - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა "ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი გუშინ, პარლამენტში სესიის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდნენ და ამ ქმედებაში მონაწილე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდნენ.
მოგვიანებით, სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. მიზეზი "ევროპული საქართველოს" ოფისის ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები მოქალაქის გაღიზიანება გახდა, ის ღამის საათებში გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებდა.
"გვინდა, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდეთ პოლიტიკური აქტივობა. რუსული ჰიმნის გაჟღერება, პირადად ჩემთვის შეურაცხყოფაა. არც ოკუპანტები გვინდა და არც ოკუპანტების ჰიმნი. მოვუწოდებთ მათ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი არაადეკვატური ქმედებებისგან," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
კიდევ ერთი აქცია "ლეიბორისტულ" პარტიასთან გაიმართა. ანალოგიური მიზეზით, სტუდენტები ოპოზიციური გაერთიანებიდან ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მოკვეთას ითხოვდნენ.
ახალგაზრდების თქმითვე, "ევროპული საქართველოს" წევრებმა ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვიეს და აუცილებელია მათ საპარლამენტო მანდატები დათმონ.
"ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერება არის ყოვლად ამორალური ქმედება და ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამას მინდა გამოეხმაუროს ყველა ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის, გამოვიდეს და ერთად დავდგეთ," - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გუშინ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით, საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებით შეაწყვეტინეს.