30 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვას აანონსებენ - არხის გენერალური დირექტორისთვის პროტესტი გაუგებარია

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას აანონსებს. აქციის მოწყობა არხის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ტელევიზიის ახალი სარედაქციო პოლიტიკა უნდა დაამტკიცოს.

მანამდე კი ტელევიზიის თანამშრომლები პროფკავშირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმებზე აუდიენციას მართავენ და დიპლომატიურ კორპუსს დახმარებისკენ მოუწოდებენ.

არხის ახალი სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს. გოგა კოხრეიძე ამბობს, რომ ჟურნალისტების პროტესტი მისთვის გაუგებარია და არხზე ცვლილებებს არ აპირებს.

დაპირებების არ სჯერა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ნაწილს და არხის სამომავლო სტრატეგიას მხარს არ უჭერს. მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტების ეჭვი გამართლდება და საინფორმაციო გუნდთან ერთად ბრძოლას სამომავლოდ გააგრძელებენ. მრჩეველთა საბჭოს მეორე ნაწილისთვის კი ჟურნალისტების პოზიცია მიუღებელია. თამილა დოლიძის თქმით, თავად არის ჟურნალისტების სამსახურების შენარჩუნების გარანტორი.

დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციური პარტიები.

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს" - ამ სახელწოდებით სოლიდარობის აქცია გაიმართა ოზურგეთში, ახალციხესა და თბილისში, სადაც მედიაორგანიზაციებისა და მესამე საქტორის წარმომადგენლებმა კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მრჩეველთა საბჭოს სხდომის მოლოდინში არიან. ბორდის წევრებს არხის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა და საშტატო ერთეულის  შემცირების საკითხის განხილვა თანამშრომლებთან ერთად მოუწევთ.

დღის ამბები