მარნეულში არასრულწლოვნის გატაცების ფაქტზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულების მიმალვის და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხით განმარტა. სასამართლოს პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა აცხადებენ, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს, ვინაიდან არასრულწლოვნის მოტაცებაში არა 2, არამედ 4 მამაკაცი მონაწილეობდა. სამირა ბაირამოვას თქმით, ასეთი ტიპის დანაშაულზე მიდგომა უნდა შეიცვალოს.
მსგავსი ტიპის დანაშაული რომ იშვიათი მოვლენა არაა, ამას არც სოფელ ბაიდარის სკოლის დირექტორი უარყოფს. კონკრეტულ შემთხვევაზე კი ხაიალა შარაიევა აცხადებს, რომ მე-12 კლასელი გოგონა წარჩინებული მოსწავლე იყო. სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში გეგმავდა და გათხოვებაზე არ ფიქრობდა.
სწავლის გაგრძელების სურვილს "კურიერთან" პირად საუბარში არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
განსხვავებული პოზიცია აქვთ 22 წლის მამაკაცის ახლობლებს. მათი თქმით, ახალგაზრდები ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ და ოჯახის შექმნაზეც ფიქრობდნენ.
შემთხვევა მარნეულში 14 თებერვალს მოხდა. ოთხმა მამაკაცმა მე-12 კლასელი გოგონა მაშინ მოიტაცა, როდესაც ის მასწავლებელთან მიდიოდა.
ფაქტზე გამოძიება 2 პირის მიმართ თავისუფლების ჯგუფურად აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: დავით ცაგარელი