30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ნიღბები, ფლაერები და პლაკატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - ირაკლი შოთაძის მოსმენა ხმაურით დაიწყო

ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ბოიკოტის მიუხედავად მაინც შემოიხედა - ნიღბები, ფლაერები და პლაკატები - ასე გამოიყურებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის მოსმენის პირველი რამდენიმე წუთი.

სხდომის ხმაურიან დასაწყისს მკაცრი და ირონიული შეფასებები მალევე მოჰყვა მმართველ გუნდში, სადაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც პროტესტის ამგვარი ფორმა არჩია, არაკონსტრუქციულობაში დასდეს ბრალი.

ტექნიკური შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა, ყოფილი და ახლა უკვე პოტენციური გენპროკურორი მომხდარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი არ გამართლდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები სხდომის დაწყებისთანავე კითხვა-პასუხის ინტერაქციულ რეჟიმს მოითხოვდნენ, უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კითხვები, რომლებიც ძირითადად ხმაურიან სასამართლო პროცესებსა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხებოდა, რეგლამენტის მიხედვით პირველად "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დასვეს.

უხვად დასვეს კითხვები პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც - რამ განაპირობა შოთაძის პროკურატურაში დაბრუნების სურვილი, რას ფიქრობს მმართველი გუნდი ოპონენტების დევნაზე და გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის გამო, რომ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრაზე მოხვდა.

ყოფილი მთავარი პროკურორის უწყებაში 6 წლით დასაბრუნებლად მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, მმართველ გუნდს ამის რესურსი აქვს, რესურსთან ერთად კი, უკვე გაცხადებული სიმპათიები პროკურორობის კანდიდატის მიმართ.

დღის ამბები