30 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
შექმნის ახალს, თუ გახდება რომელიმე პარტიის წევრი - გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დეტალებზე ეტაპობრივად ისაუბრებს

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პირველი ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტვიტერი აირჩია.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში უკვე მესამედ, მაგრამ ამჯერად იმ გუნდის კრიტიკით მოდის, რომლის მანდატითაც 2013 წელს ის ქვეყნის მოსახლეობის 62-მა პროცენტმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. გიორგი მარგველაშვილის მოკლე განცხადების მთავარი გზავნილი ხელისუფლების მიერ გადაკვეთილი წითელი ხაზები, ავტორიტარიზმი და ქვეყნის დასავლური კურსის შესუსტებაა.

შექმნის ახალს, თუ გახდება რომელიმე პარტიის წევრი - გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ ინტერესჯგუფებს და მისი გუნდის წევრებს ესაუბრება. მეორე ეტაპი კი პოლიტიკოსებთან დაწყებული კონსულტაციები იქნება. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მთავარი ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდაა, რომელთანაც პარტიები სხედან. ამ ფორმატში კი ყველა მხარესთან ისაუბრებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც. 

"წითელი ხაზები" - გიორგი მარგველაშვილის განცხადების ეს მთავარი ფრაზა დღეს აქტუალური იყო უმრავლესობისთვისაც, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების და განცხადებების გამო გააკრიტიკა.

გიორგი მარგველაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ახლა "ლელოში" არიან გაწევრიანებულები, ადასტურებენ, რომ კონსულტაციები გიორგი მარგველაშვილთან დაწყებულია.

მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან ის პარტიები, რომლებიც "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან. ლიდერები თვლიან, რომ შედეგის მისაღებად მთავარი სრული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაა.

კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიებთან დაიწყებს გიორგი მარგველაშვილი აქტიურ კონსულტაციებს, როდის და რა სტატუსით გამოჩნდება ის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, დეტალებზე ყოფილი პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მის გეგმებს საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები