"რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების 2 მოწმე დაიკითხა.
პროკურატურის განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მოწმეებმა მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანია. დაცვის მხარის განმარტებით კი, ჩვენებები ბრალდებას ეწინააღმდეგებოდა. სულ, ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას წინააღმდეგ საქმეში ბრალდებას 60-მდე მოწმე ჰყავს.
"ორივე მოწმის ჩვენება რეალურად ანგრევს ბრალდების პოზიციას "პორშეს" ეპიზოდთან დაკავშირებით და კონტრაქტის ეპიზოდთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ცხადია, ორივე ჩვენებიდან, განსაკუთრებით ქალბატონი ვასაძის ჩვენებიდან, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს დარღვევას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მხრიდან. დღეს პროკურატურა იყო იმაზე სამარცხვინო, ვიდრე წარმოსადგენია," – აღნიშნა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ბიზნესტრანზაქციებს, რომლებზეც უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
"სინამდვილეში, ამ ადამიანებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა და ეს, რა ხდებოდა, ბოლო ჯამში არის ის, რომ ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ბიზნეს ტრანზაქციებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის დანაშაული და რომელიც პირიქით მომგებიანი იყო "რუსთავი 2"-სთვის და "რუსთავი 2" იღებდა ბევრად მეტ შემოსავალს, ვიდრე მისი კონკურენტები," - განცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტებს:
"ორივე მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ "შპს ინტერმედია" დაინტერესებული იყო შპს "პროესკო მედიას" გაემარჯვებინა "თეგეტა მოტორსის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში და აღნიშნული მოტივი მათ ამოძრავებდათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას მიეღო "პორშე მაკანი" საკუთრებაში," - განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.