გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში მოსმენისას მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.
როგორც შოთაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, ხშირად კრიტიკა უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. მისივე თქმით, კრიტიკა ძირითადად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან მომდინარეობს.
ირაკლი შოთაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრა, რის შემდეგაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და მმართველი გუნდის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ისურვებდა პროკურორისა და მოსამართლის შრომის ანაზღაურება ერთმანეთს გაუთანაბრდეს.
"ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან, რაც ნიშნავს ზრუნვას, უზრუნველყოფას, აღკვეთას. ამ სიტყვის მნიშვნელობიდანაც ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია - ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა. როდესაც კრიტიკა ჯანსაღია, ის გასათვალისწინებელია, თუმცა ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომელსაც საფუძვლად არაფერი უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, რომ გააკრიტიკო როგორც იტყვიან, ისროლო ტალახი და მერე ვისაც როგორ უნდა, ისე უმართლებია თავი.
ჩემს მიმართ დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება თუ ბრალდება, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან, რაც მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, წარმოადგენს სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციას. თუმცა, როგორც აღვნიშნე, პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო კიდევ უფრო კარგად, უფრო ხარისხიანად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს.
სოციალური გარანტიების კუთხით, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, შესრულდეს ევროსაბჭოს რეკომენდაცია და პროკურორის და მოსამართლის ხელფასი გათანაბრდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია და აუცილებელია პროკურორების შრომის ანაზღაურების გაზრდა," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.