შეხევდრა ბრიუსელში - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობას აგრძელებს.
"მივიღე მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიასთან დაკავშირებული NATO-ს მიერ მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. ჩვენ სიტყვით გამოვედით და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ზოგადად ყოფნა ავღანეთში, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები მადლიერებით აღნიშნავენ ჩვენი გმირი სამხედროების პროფესიონალიზმს.
ესტონეთთან გავაფორმეთ ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს უწყებებს შორის მიმდინარე დაგეგმილ ღონისძიებებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის მიმდინარეობისას ირაკლი ღარიბაშვილს იენს სტოლტენბერგის შემდეგ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემაც უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრმა NATO-ს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.