ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტში რეზოლუციის ჩაგდებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში იყო გარკვეული ნაწილები, რის გამოც დოკუმენტს მხარს ვერ დაუჭერდნენ. მათ შორის, არის ნოემბრის აქციის დაშლასთან დაკავშირებული დანართი.
"დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ამიტომ, ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს ქვეყნის გაშავებისთვის, ქვეყნის უკანსვლისთვის, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვერ დავუჭერდით მხარს, როცა ნოემბრის აქციის დაშლაზე იძახიან, რომ ეს იყო დარბევა და დაშავება ხალხის, ვერ დავუჭერთ მხარს, როცა ასეთი ტიპის ტყუილებით იყო გაჯერებული ეს დანართები და აქედან გამომდინარე, ის, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა, არც ვაპირებთ რომ მხარი დავუჭიროთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ამბობს, რომ დოკუმენტში საკმაოდ კრიტიკული ნაწილები შედიოდა, აქედან გამომდინარე, უკვირს რატომ თქვეს უარი ევროპარლამენტარებმა დოკუმენტის მიღებაზე.
"ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო. რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რომელზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ეს კრიტიკა და შესაბამისი რეაგირებები ყოფილიყო. რასაც არ დაუჭირეს მხარი და მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან აბსურდულად ჟღერდა," - აცხადებს კახა კუჭავა.