რესპუბლიკელი კონგრესმენი და ერთ-ერთი კრიტიკული წერილის ავტორი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანი უნდა დარჩეს.
ადამ კინზინგერი ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ის ტვიტერზე წერს, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, სადაც მან თალაკვაძესთან საერთო მიზნებზე და გეგმებზე ისაუბრა.
"ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა.
შეხვედრის შემდეგ, მე, საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პარტიასთან მქონდა დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები რჩება.
დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როდესაც თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს. ასევე, მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა ყველასთვის სამართლიანი იქნება, დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი.
საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – წერს სოციალურ ქსელში ადამ კინზინგერი.
კინზინგერი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ რჩება საქართველო-აშშ-ის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების მხარდამჭერად.