30 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" სტატიაში უამრავი უზუსტობაა, "რუსთავი 2" შესაბამის რეაგირებას მოახდენს - პაატა სალია

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებზე წერს. მათ შორის, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც მიმოიხილავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ისა" და "იმედისთვის" 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ, როცა იგივე მიდგომა კრიტიკული ტელევიზიებისადმი – "კავკასიასა" და "TV პირველისადმი"  არ გამოიყენა.

"რუსთავი 2" გენერალური დირექტორის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა აპირებს, სტატიაში მოყვანილ უზუსტობებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ასევე, სამაუწყებლო კომპანია არ იზიარებს იმ შეფასებას, სადაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" - მიიჩნევს, რომ 2019 წლის ზაფხულის დრამატული მოვლენების შემდეგ, "რუსთავი 2" სამთავრობო მედია გახდა.

"რუსთავი 2" ორჯერ არის მოხსენიებული არასწორ კონტექსტში. პირველი ეხება, თითქოს, მთავრობამ, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტრომ, "რუსთავი 2"- თან მიაღწია შეთანხმებას არსებული საგადასახადო ვალდებულების გადავადების თაობაზე. ამგვარი შეთანხმება მიღწეული არ არის. არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება ფინანსთა სამინისტროს  არ გამოუჩენია "რუსთავი2"-ის მიმართ. ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მეორე უზუსტობა კი, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელი ჩვენთვის, თითქოს, "რუსთავი 2" წარმოადგენს სამთავრობო ტელევიზიას და ახმოვანებს მთავრობის პოზიციას. ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას და მივმართავთ ამ ორგანიზაციას. გამოვიკვლევთ, რის საფუძველზე გააკეთეს აღნიშნული შეფასება," - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები