საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან, ქვეყნის დასატოვებლად დახმარებას ითხოვს. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მოქალაქეებმა დახმარების მოთხოვნით საქართველოს დიპლომატიურ უწყებას უკვე მიმართეს. ეპიდემიის ეპიცენტრიდან უკვე ევაკუირებულია საქართველოს 5 მოქალაქე, მათგან სამი თურქეთში, ხოლო ორი საფრანგეთში კარანტინის ზონაში იმყოფება.
"საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა ჩვენი სამი მოქალაქე იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ საქართველოში დაბრუნება. ცხადია, უკვე ორ კვირაზე მეტია კონტაქტი გვაქვს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ, რომ ამა თუ იმ რეისით, ეს ადამიანები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში. ისინი საბედნიეროდ, უხანში არ იმყოფებიან. ის ქალაქი დაკეტილია და ის ქალაქები უხანის გარდა, რომლებიც კარანტინის ზონაში არიან, იქიდან გამოსვლა და შესვლა, ამ ეტაპზე შეუძლებელია," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში, არჩილ კალანდიამ.