სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ.ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
მარიანა ჩოლოიანს გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.
მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა, აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა პასუხისმგებლობა შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორ თანამშრომელს დაეკისროს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს , ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ამ კონკრეტული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.