30 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ჰაერის დაბინძურება რუსთავში - ეკოაქტივისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი რუსთავში არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს

ეკოაქტივისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი რუსთავში არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. კუსტარულად დამზადებულმა ხელსაწყომ, რომელიც საწარმოო ფილტრის, პოლიეთილენის ბოთლისა და მასზე დამაგრებული ქულერისგან შედგება, ორ კვირაში ნათლად აჩვენა ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების რაოდენობა. გარემოს დამცველები ინდუსტრიულ ქალაქში ეკოდაბინძურების საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზე მიუთითებენ.

"გავიგუდეთ" - რუსთავში ამ ტიპის წარწერებს თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით. სამოქალაქო პროტესტმა კი ეკოლოგიური პრობლემა კიდევ უფრო ნათელი გახადა. ქალაქში თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ეკოლოგიური დაბინძურებით გამოწვეული პრობლემა არ აწუხებს.

ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ქალაქში არსებული ათობით ის ქარხანა სახელდება, რომელთა უმეტესობაც წარმოების თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მოუწესრიგებელი ფილტრაციის სისტემები გააჩნიათ.

პრობლემას ქალაქის მერიაში არ გაურბიან. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დგამს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რუსთაველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა. სტრუქტურიდან კი  "კურიერმა" ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გამოსავალს გარემოს ზედამხედველობის სამსახურში საკანონმდებლო ცვლილებებსა და დამრღვევების მიმართ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაში ხედავენ.

ეკოაქტივისტებმა ჯერჯერობით არ იციან სად და როგორ, თუმცა გეგმავენ, რომ ექსპერიმენტის შედეგად ფილტრზე დალექილი მავნე ნივთიერების ზუსტი შემადგენლობა დაადგინონ და მისი ადამიანზე ზემოქმედების სავარაუდო შედეგებიც გამოავლინონ.

დღის ამბები