თბილისის ორ სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა. 62-ე და 94-ე საჯარო სკოლები დღეიდან ჟიული შარტავასა და ჯამბულ წურწუმიას სახელებს ატარებს. სხდომას დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ.
"საკრებულოს ამოცანა პირველ ყოვლისა არის ის, რომ ადეკვატურად იქნეს შეფასებული და დაფასებული ის ღვაწლი, რომელიც ამ გმირებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე," - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა.
62-ე სკოლის დირექტორის, ელენე შაგულიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ არ დაივიწყონ ის გმირობა, რომელიც წლების წინ ჟიული შარტავამ საქართველოსთვის ჩაიდინა.