30 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"ეს გადაწყვეტილება ორმხრივი თანხმობით მივიღეთ"- "ნაციონალებიდან" წასულები

ზაზა ბიბილაშვილმა, ნინო კალანდაძემ და მარიამ გერსამიამ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. განცხადება გადაწყვეტილების შესახებ მათ ერთად, ჭავჭავაძის ცენტრის სახელით გაავრცელეს.  მთავარ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრები "ჭავჭავაძის ცენტრის" განვითარებას ასახელებენ.

მარიამ გერსამიას ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

"უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ ჩვენს საქმიანობას და ეს არ არის საარჩევნო ციკლთან მიბმული. არ ვგეგმავთ არც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას, არც რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან ან ასოცირებას, ან პარტიის შექმნას. ჩვენ ფორმალურ შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენი საქმიანობა და ოფიციალურად, ჩვენი განცხადებით დავტოვეთ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები, რაც თავისთავად, ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო,"- განაცხადა მარიამ გერსამიამ.

ნინო კანდელაკის თქმით, ისინი პარტიაში, პრაქტიკულად, ფორმალურად იმყოფებოდნენ, რადგან ბოლო 2 წლის მანძილზე პარტიული საქმიანობით არ დაკავებულან. 

"ჩვენ პარტიული საქმიანობით, პრაქტიკულად აღარ ვართ დაკავებულნი 2 წელიწადზე მეტია. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ორმხრივი თანხმობით, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ახლა, როდესაც ჩვენი საქმიანობა საკმაოდ ფაზაში შედის ამ ფრონტზე მიგვაჩნია, რომ სწორი იქნებოდა, სამართლიანი იქნებოდა და გულწრფელი იქნებოდა, არ ვისხდეთ ორ სკამზე, არამედ ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის სწორი,"- განაცხადა ნინო კანდელაკმა.

დღის ამბები