30 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
"ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ივანიშვილი არაადეკვატურია" - კახიძე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნაზე

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას საზოგადოების დაცინვას უწოდებს. კახიძე ამბობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რომელიც შემდგომ საპროკურორო საბჭომ გააფორმა. ოთარ კახიძე, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრია, კენჭისყრის პროცესს პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.

"ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ. ისევე როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობა მორჩილად გააფორმებს და ივანიშვილს ეყოლება მეორედ შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში. რაც არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ხორავას საქმის შემდგომ. ამას დაემატა მისი აღიარება, რომ მაფიოზური საქმის გარჩევას ესწრებოდა. ეს ნაბიჯი მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ ივანიშვილი არ არის ადეკვატური და საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ირაკლი შოთაძემ საკუთარი ხედვები კარგად წარმოაჩინა.  

"პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში, ჩატარდა გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება და გადაიცა პირდაპირ ეთერში. მაქსიმალურად ობიექტურ დამკვირვებელს რომ ჰკითხოთ, რომ შეაფასოს ეს პროცესი, ყველა იტყვის, რომ რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა ამ გასაუბრების შედეგად და ზოგადად გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ბატონმა ირაკლი შოთაძემ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა. მათ შორის არიან ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე. 

შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.    

ამავე თემაზე
დღის ამბები