რუსეთს საქართველოში საკუთარი მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია - ამის შესახებ "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორმა სვანტე კორნელმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
კორნელის განცხადებით, რუსეთი ბორდერიზაციას იმიტომ აგრძელებს, რომ ქვეყანაში ესკალაციის საფუძველი მომზადებული ჰქონდეს.
ანალიტიკოსი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო.
სვანტე კორნელი გამოხატავს შეშფოთებას, რადგან მისი შეფასებით, საქართველო არ მიდის იმ მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, განვითარებულ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს.
"საქართველოში რუსეთის მიზნის მიღწევა ის იქნება, რომ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვას. ეს კი ვეღარ მოხდება. რუსეთი უბრალოდ არაა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ეს შეძლოს. იგივე ეხება მოლდოვას და უკრაინას. რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს, შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს. რუსეთი ვერ ახერხებს იმასთან შეგუებას, რომ იმპერია დაკარგა და იმ ხალხებს, რომლებიც იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთთან ყოფნა აღარ უნდა. როგორც ის კაცი, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ შეყვარებულს მასთან ყოფნა აღარ უნდა.
ვიდრე რუსეთი ამ აზრს არ შეეგუება, მანამ მხოლოდ ზიანის მიყენებაზე იფიქრებს და დღეს სწორედ ამას ვხედავთ. არ მგონია საქართველომ ამ კონფლიქტის გადაჭრა ისე შეძლოს, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რაღაცა დონის დამოუკიდებლობა არ მიიღოს. არსებობს ამის წარმატებული მაგალითები. თუმცა, ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის ქონა და ეს პოლიტიკა არა ოკუპირებულ აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოს მომავალს უკავშირდება. როგორი ქვეყანა იქნება საქართველო - სტაბილური, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე პირიქით," - განაცხადა ანალიტიკოსმა.