30 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვას სერიოზულად უდგება - სენატორების ერთობლივი განცხადება ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა, სენატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ​ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

"სენატორ შაჰინს და მე დღეს პროდუქტიული საუბარი გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან. პრემიერ მინისტრის გახარიასადმი ჩვენს მიერ, ცოტა ხნის წინ, გაგზავნილი წერილის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ქართული დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული 2008 წლიდან. რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ღობეების გადატანას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს.

შეერთებული შტატები კვლავინდებურად ერთგულად უჭერს მხარს უჭერს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა ვხედავდეთ პოზიტიურ განვითარებას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ საქართველო იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვას სერიოზულად უდგება," - ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სენატორი შაჰინი:

"მოხარული ვარ იმით, რომ  დღეს ნაშუადღევს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და საშუალება მომეცა, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე მესაუბრა, განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ერთგულების შესახებ, მე და სენატორ რიშს  საქართველოს დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. 2012 წელს, ჩვენ მონაწილეობა  მივიღეთ  საქართველოს ისტორიულ არჩევნებში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და დაიმედებული ვიყავით ამ პროგრესით. როგორც ვთქვით, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა.

მე ვაგრძელებ მოწოდებას პრემიერ მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, მყარად შეასრულონ ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცების, სასამართლო დამოუკიდებლობის განვითარების,  დაპირებულ საარჩევნო რეფორმებში წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პატივისცემასთან დაკავშირებით," - აცხადებს შაჰინი.

დღის ამბები