მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით დაიწყო. პირველი გამომსვლელი საპარლამენტო უმრაველსობის წევრი და ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე იყო. მდინარაძემ უმრავლესობის სახელით, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარი თქვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღის წესრიგიდან უმრავლესობის ყველა დეპუტატის განცხადება მოხსნა და სიტყვა დამოუკიდებელ დეპუტატებს გადასცა. პოლიტიკური განცხადებების უფლებით, არც სხვა გამომსვლელებმა ისარგებლეს.
დამოუკიდებელი დეპუტატ ეკა ბესელიას დღეს ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა. ბესელიამ სესიის გადადების ინიციატივაც გაახმოვანა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ტრაგედიის ფონზე ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან მომხდარმა ყველაფერი გადაფარა. ბესელიამ იქვე იმ პრობლემებზეც დაიწყო საუბარი, რაც მისი განმარტებით, ტრაგედიამ წარმოაჩინა.
ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ ოპოზიციის გეგმებიც შეცვალა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა დღეს დაანონსებული აქციები გააუქმეს. აქტივისტები პარლამენტის შენობასთან დღეს დილის 10:00 საათიდან უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით საპროტესტო ღონისძიებები მთლიანად გადაიდო.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოწოდებას ბრალდებით უპასუხა. უმრავლესობა ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის პლენარულ სესიასთან დაკავშირებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.
პარლამენტისა და საპროტესტო აქციის მონაწილეების პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ტრაგედიამ შეცვლა, ჩვეულ რიტმს ხვალიდან დაუბრუნდება. ბაღდათში წუხელ ხანძარმა 6 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მათი ფეხმძიმე დედა და ოჯახის სტუმარი ქალბატონი.
ფოტო: საქართველოს პარლამენტი