"რამდენ პროცენტსაც სჯერა ახლა საქართველოში, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი?! მე მგონი ბოლოს მაგ პროცენტულ მაჩვენებლამდე დავა სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის" შორის არსებული კონტრაქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, ოპონენტების ბრიფინგები, რაც მის განცხადებას მოჰყვა, მისი შეფასებით, საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა.
"გუშინ ბრიფინგები, რომ მომიძღვნეს საღამოს, თურმე ყველა ტყუილი იყო ის ბრიფინგი და აქეთ გვეძახდნენ მატყუარებს ამის გამო და მე მგონი ბოდიშიც აქვთ მოსახდელი.
რამდენ პროცენტსაც სჯერა ახლა საქართველოში, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი, მგონი ბოლოს მაგ პროცენტულ მაჩვენებლამდე დავა სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა. რეალურად ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ. მიუკერძოებელ ზოგ შემთხვევაში მედიის, ზოგ შემთხვევაში ექსპერტის და ზოგ შემთვევაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელის უკან რეალურად ნაცმოძრაობის წარმოამდგენელი იმალება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბათუ ქუთელია შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანია "ორიონ სტრატეჯის" საქმიანობაში არ მონაწილეობს - ამის შესახებ კომპანიის განცხადებას სოციალურ ქსელში ატლანტიკური საბჭო ავრცელებს. ირკვევა რომ ქუთელიას სახელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაფორმებულ კონტრაქტში ადმინისტრაციული შეცდომის გამო მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში არ არის ჩართული. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი - ბათუ ქუთელია ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად იყო მითითებული.