30 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
შოთაძის განცხადებები იმის დემონსტრირებაა რომ ის, გენერალური პროკურორი არ უნდა იყოს - სულხან სალაძე

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საკუთარი განცხადებების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკაც დაიმსახურა.

მესამე სექტორის წევრები აცხადებენ, რომ არ შეიძლება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ხშირი კომუნიკაცია აქვს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

"დღეს მისი განცხადებები, ვფიქრობ, იმის დემონსტრირებაა რომ დიახ, ის არ უნდა იყოს გენერალური პროკურორი. მათ შორის ის, რომ მან დაადასტურა პრაქტიკულად  იმ შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია, რაზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა.

მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის სწორედ ის, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურა ვერ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისაგან," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ" სულხან სალაძემ.

არასამთავრობო სექტორის წევრებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არის სპეკულაცია, თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი დაინტერესდა სისხლის სამართლის საქმის გამოუძიებლობით.  

"როდესაც დიდი მნიშვნელობის მქონე საქმეზე არ ხდება გამოძიება, ცხადია, პოლიტიკური პარტიები შეეცდებიან ამ მოვლენის სათავისოდ თარგმნასა და გამოყენებას. თუმცა, ამის მიღმაც ცხადია ობიექტურად არსებობს სამართლებრივი პრობლემები, რაც გამოვლინდა. ამას არ სჭირდება პოლიტიკური სპეკულაცია და ჩვენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეებში პროკურატურის მოქმედება არ იყო კვალიფიციური," - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა" გურამ იმნაძემ.

ყოფილი გენერალური პროკურორი ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ისიც ესწრებოდა, თუმცა  იქ, "შემთხვევით მოხვდა." შოთაძემ ამ თემაზე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, "ევროპული საქართველოს"  წევრის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იყო, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე პროკურორის სტატუსით არ იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები