30 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
მოხდა უდიდესი ტრაგედია, უნდა ვიყოთ ერთიანები - სოზარ სუბარი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩავიდა  

პრემიერის წარმომადგენელი სოზარ სუბარი ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც გვიან ღამით ტრაგედია დატრიალდა. სუბარმა გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა. სოზარ სუბარის განცხადებით, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

პრემიერის წარმომადგენელმა მომხდარზე საუბრისას ოპოზიცია ტრაგედიით მანიპულირებასა და უპასუხისმგებლო განცხადებებეის გაკეთებაში დაადანაშაულა.

"უდიდესი ტრაგედია მოხდა, ჩამოვედით, რომ სამძიმარი ვუთხრათ ოჯახებს და გამეგო რა მოხდა. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხს გასცემს. დეტალებზე საუბარი ახლა იქნება ძალიან მძიმე, თუნდაც სოციალურ დახმარებებთან და საცხოვრებელთან დაკავშირებით. მერისგან, რაც ვიცი, მათ მიცემული ქონდათ ბინები, რა მდგომარეობა იყო და რა პირობებში იყვნენ ამას გამოძიება დაადგენს. სოციალური დახმარების შეწყვეტაზე არ იყო მართალი ინფორმაცია, დახმარება აღუდგათ და ეს ვერ იქნებოდა მიზეზი ახლა სახლში გადმოსვლის, მაგრამ ამ წუთში ყველაფერ ამაზე ლაპარაკი, აზრს მოკლებულია.

კიდევ რამის გაკეთება შეიძლებოდა თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. ეს არის უმძიმესი ტკივილი. რაც შეეხება მთავრობისკენ ხელის გაშვერას, როდესაც ოჯახის წევრი ამას აკეთებს და რამეს იტყვის, ჩვენ არაფრის უფლება გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ ტკივილი და შესაძლოა, მათ ნათქვამში იყოს სიმართლე. როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებს, ასეთი ტრაგედიის გამოყენება ასეთი მიზნით, არამგონია, მათზე მეტყველებდეს კარგად. დეტალებზე მე ნუ მალაპარაკებთ, მოხდა უდიდესი ტრაგედია და ამაში უნდა ვიყოთ ერთიანები" - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები