"ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ" - ამ ლოზუნგით ამ წუთებში პარლამენტის შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები არიან შეკრებილნი.
მათი განცხადებით, მიუღებელია ის შეფასებები, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქვეყანაში სიღარიბის დონის მაჩვენებლებთან დაკავშირებით გააკეთეს.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა დეპუტატების მხრიდან უტიფარი განცხადებები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თითქოს საქართველოში არ არის შიმშილობა და თითქოს, ეს ყველაფერი ოპოზიციამ მოიგონა,"- განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა ოთარ ათათიამ.
"სირცხვილიას" აქტივისტის, გიორგი კუპატაძის თქმით კი, ვინც მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს ან უვიცია, ან მატყუარა.
"ქვეყანას ჰყავს, რეალურად, ან უვიცი ადამიანები, რომლებმაც არ იციან ქვეყნის პრობლემატიკა, ან ძალიან მატყუარა ადამიანები, რომლებიც თვალებში გვაყრიან ნაცარს და გვეუბნებიან, რომ თურმე ქვეყანაში პრობლემა არ არის. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ, რეალურად, საკვებთან დაკავშირებული პრობლემა. ამ დროს, ბატონი არველაძე და მისნაირები აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე საქართველოში, ასეთ ქვეყანაში, არ არის შიმშილი და ამას იგონებს ოპოზიცია. ეს ყველაფერი უკვე არის მარაზმი,"- განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ.