30 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებით, შოთაძის განცხადებები დასტურია იმისა, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს

ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებას "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით, შოთაძის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ირაკლი შოთაძეს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში, თუ ის საპროკურორო საბჭომ და პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია, დაადასტუროს რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში მყარი მტკიცებულებები არ არსებობს და მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

"ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს პრეცედენტი, როდესაც ადამიანებს არ ეშინიათ სიმართლის თქმა, მიუხედავად იმისა, ეს სიმართლე შემდგომ მათ კარიერულ სირთულეს შეუქმნის თუ არა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ბატონ შოთაძეს, თუ ის გენერალური პროკურორი გახდება, გამოიყენოს სიმართლის თქმის პრინციპი და ამხილოს და სააშკარაოზე გამოიტანოს იმ ბრალდების აბსურდულობა, რომლითაც ჩვენ უკვე ორი წელიწადია გვავიწროვებს პროკურატურა და ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული უწყებები," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

"ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს და აგრძელებდა ქვეყნის არაფორმალურ მართვას, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ის არ იკავებდა არანაირ თანამდებობას, არ იკავებდა არც პარტიულ თანამდებობას.  ის როგორც კი გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან, მან გააგრძელა ბიზნესის კეთება საქართველოში, რომელსაც ახლაც აგრძელებს და ეს არის ძალიან დიდი ინტერესთა კონფლიქტი, როცა პოლიტიკურ ლიდერს მმართველი პარტიის, უკავია ასეთი ძალაუფლება, მას ექვემდებარება ყველა ინსტიტუცია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყოფილი მთავარი ბრალმდებელი ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ისიც ესწრებოდა, თუმცა იქ, "შემთხვევით მოხვდა". შოთაძემ ამ თემაზე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იყო, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ამ შეხვედრას პროკურორის სტატუსით არ ესწრებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები