30 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
თამარ გიგაურს ოკუპანტები ახალგორის დატოვების საშუალებას კვლავ არ აძლევენ - ვითარება ე.წ გადასასვლელზე

ვადა, რომელიც  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ გადასასვლელების დროებით გახსნისას დააწესა 2 დღეში იწურება. ე.წ. გამყოფი ხაზის გადმოკვეთა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მხოლოდ პენსიონერებს შეუძლიათ, ისიც შერჩევით. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადასასვლელის ჩაკეტვა შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიდოს.

ჩაკეტვის შემდეგ ე.წ გადასასვლელების გახსნა 2 თვის შემდეგ არის მოსალოდნელი.

ახალგორელების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს თამარ გიგაური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო:

"ჩემი კოლეგა მასწავლებელია, რომელსაც არ უშვებენ, რამდენიმეჯერ სიაში იყო და ამოიღეს სიიდან, თამარ გიგაური, რომ ჩავარდა ჭაში, ის უნდა გამოსულიყო და ვერ გამოდის. ორჯერ გამოსასვლელამდე მოვიდა და უარი უთხრეს, რატო არ ვიცი. სიიდან ამოღებულია და ვერ ეუბნებიან ვერაფერს. გაჭირვებით კი დადის, მაგრამ ხომ უნდა გამოსვლა, რომ პენსია აიღოს ან ექიმმა მიხედოს, იქ ექიმებიც არ ეუბნებიან არაფერს, თუ რამე გჭირდება დაგეხმარებითო და თვითონ ხომ არ იცის, რა სჭირდება," - აცხადებს ადგილობრივი.

ახალგორელების თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ისეთ პირობებს უქმნიან, რომ იძულებულებს ხდიან, საკუთარი სახლები მიატოვონ. მათი განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ, არც ექიმთან მისვლის საშუალება აქვთ, გაძვირებულია პროდუქტიც.

დღის ამბები