30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაცვის მხარემ საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა

საქალაქო სასამართლოში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს. დღეს არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 3 პირის პროცესი იმართება, მათ შორისაა ავსტრალიის მოქალაქე.

დაცვის მხარემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არ ადასტურებს დაკავებული პირების ბრალეულობას.

"გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებები არასათანადოდაა მოპოვებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. ის არ ეთანხმება ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება, ფაქტობრივად, მტკიცებულებების 90% საერთოდ შემხებლობაში არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან,"- განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა.

საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის თქმით, ბრალდებულების მხარეს აქვს როგორც ფოტო-აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები, ასევე საბანკო ანგარიშების ამონაწერები.

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდისთვის, რომ დღეს წარმოდგენილმა სამივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. ფოტომასალაზე ასახულები არიან თავად ბრალდებულები, როგორ ამზადებენ ფოტოსესიისთვის არასრულწლოვნებს. აგრეთვე, გვაქვს არაერთი მტკიცებულება, ეს არის მიმოწერების სახით, სატელეფონო საუბრები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და, მათ შორის, საბანკო ანგარიშების ამონაწერები,"- განაცხადა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა.

დღის ამბები