30 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია - პატრიარქი აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა. 

"პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია" – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნე”-ს გამგეობის თავმჯდომარემ ბ-ნმა პაატა გაჩეჩილაძემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

დღის ამბები