ბაღდადში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს სახელით, პარლამენტის თავმჯდომარემ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
"მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ეს უდაოდ არის უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობამ სხდომის პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარმართვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი გადადება საჭიროდ არ მიიჩნია.
"ჩვენი მივიჩნიეთ, რომ პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური. ასევე, უმრავლესობაში დილით ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, ხომ არ ყოფილიყო გადადებაზე საუბარი, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა არ იქნებოდა ამ შემთხვევაში სწორი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხანძარი და სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების გარდაცვალება საკანონდებლო ორგანოში ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, თუ რატომ მოეხსნა სოციალური დახმარება ტრაგიკულად დაღუპულ ოჯახს.
"დღევანდელი სხდომის გადადებაც იყო უპრიანი. არ ვიცი სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. ეს არის პრობლემა, რომელიც, მათ შორის, ცოტა ხნის წინ გახდა ძალიან მწვავე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
გახსოვთ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობა უმრავლესობის შიგნით სწორედ ამ დასკვნით, რომელიც დადო მაშინ გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდმა, მოშიმშილე ბავშვებზეა საუბარი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასია. არ ვიცი, რატომ ჰქონდა იმ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული, არ ვიცი სად იყო ის სამსახურები, ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები. არ ვიცი რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მე-9 მოწვევის ბოლო საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა და უკვე დასრულებულია - საკანონდებლო ორგანოში მუშაობაზე ისევ უარს ამბობს ოპოზიცია და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.