საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.