ბავშვთა მიმართ ძალადობა და საგანგაშო სტატისტიკა. საქართველოში გამოკითხული 14 ათასი ადამიანის 69% ამბობს, რომ ბავშვების აღზრდაში ძალადობრივ ფორმებს იყენებს. ანუ ყოველი მესამე მშობელი ბავშვზე ძალადობს.
საქსტატის სოციალური გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 66% შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, 31% კი ფიზიკურად. სოციალური გამოკითხვა Unicef-ის საქართველოს ოფისმა მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში გამოიყენა.
ჩატარებული კვლევა 20-მდე მიმართულებას გულისხმობს, მეორე თავი კი ბავშვების აღზრდას ეთმობა. მოსახლების აღწერის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური სოციალური გამოკითხვაა. გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ ოჯახში ფიზიკური ძალადობა ფსიქოლოგიური ძალადობის ხარჯზე შემცირდა.
როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, ბავშვებზე ძალადობრივი ქმედებები ნეგატიურად აისახება, თუმცა ამის გამოვლენის სხვადასხვა ფორმა არსებობს.
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, დანაშაულის გამოვლენა და შემდგომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეფექტური რეაგირებაა.
როგორც ომბუდსმენის ოფისში აღნიშნავენ, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები მოძალადის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში კი არ ხდება სპეციალისტების ჩართულობით ბავშვთა რეაბილიტაცია და ძალადობრივი გარემოს თავიდან აცილება.
2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილა. 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი. 37 შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის მოუვლელობის, ანტისანიტარიულ გარემოში ყოფნის ან მავნე ჩვევების ხელშეწყობის ფაქტზე.