საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის დედაქალაქში მოძველებული და გაუმართავია. მძღოლებს ხშირად უწევთ ავარიული გაჩერება და ტექნიკური სამსახურის გამოძახება.
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა და ე.წ. ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით ბევრი მოქალაქე სარგებლობს, თუმცა გაუმართაობის გამო მგზავრებს ხშირად ტრანსპორტის შეცვლა იძულებით უწევთ და დანიშნულების ადგილას დროულად ვერ მიდიან.
გაუმართავი ტრანსპორტის გარდა ზღვისპირა ქალაქში ავტობუსების ნაკლებობაცაა. გადაადგილების სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით პიკის საათებშია.
სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წელს 40 ახალი ავტობუსი შეიძინა, რისთვისაც 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ავტოპარკის მთლიანად განახლება და არსებული პრობლემები ჯერ ისევ მოუგვარებელია.
ბათუმში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემებს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ქმნის.
სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა დაწყებულია და ავტობუსების ჩანაცვლებაც ეტაპობრივად მოხდება.
ზღვისპირა ქალაქს ამ ეტაპზე 102 ავტობუსი ემსახურება, მათ შორის 62 ამორტიზირებული. ე. წ. ყვითელი ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა უკვე გასულია.
მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია 8 ახალი ელექტროძრავიანი ავტობუსის შეძენა, რომლისთვისაც ადგილობრივი მერია 3 მლნ ევროზე მეტს დახარჯავს.