30 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ჰერითიჯ ფაუნდეშენის" რეკომენდაცია საქართველოს და 5 ძირითადი პრიორიტეტი აშშ-თან ურთიერთობებში

საქართველოსთვის კიდევ ერთი რეკომენდაცია ვრცელდება - როგორ უნდა იმოქმედოს ვაშინგტონმა თბილისთან მიმართებით.

საპარლამენტო არჩევნები, ანაკლიის პორტის პროექტი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა, ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება - ეს ის 5 ძირითადი პრიორიტეტია, რომლებზეც "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსმა ალექსის მრაჩეკმა სტატია დაწერა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ 5 ძირითადი მიმართულებით მუშაობა იქნება მნიშვნელოვანი 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებში.

"ჰერითიჯ ფაუნდეშენის" ანალიტიკოსის სტატიიდან ოპოზიცია აქცენტს საარჩევნო სისტემაზე აკეთებს და აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორების გზავნილის უგულებელყოფა ქვეყნის ინტერესებზე დარტყმა იქნება.

როგორც ალექსის მრაჩეკი სტატიაში წერს, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

"ჰერითიჯ ფონდის" ანალიტიკოსი ვრცლად წერს ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეს პორტი სჭირდება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან, ამ პორტს შეუძლია შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობა არასდროს დაუკნინებიათ და პროექტის განხორციელება კონსტიტუციური ჩანაწერით არის უზრუნველყოფილი.

კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან კრიტიკული წერილების შემდეგ "ჰერითიჯ ფონდის" ანალიტიკოსის წერილს დადებითად აფასებს ექსპერტების ნაწილი. მათი შეფასებით, დასავლელი პარტნიორები იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, კარგად ხედავენ.

"ჰერითიჯ ფაუნდეშენის" ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წელს საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება. სტატიის ავტორი შტატებს მოუწოდებს, საქართველო სწორ გზაზე სვლისკენ წაახალისოს და მასთან ურთიერთობები განამტკიცოს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები