30 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ოპოზიცია ისევ პიკეტირებას იწყებს - უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სირცხვილის კორიდორებით მოუწევთ

გასული თვეების პიკეტირებისგან განსხვავებით, უმრავლესობის დეპუტატებს ოპოზიცია ხვალ სირცხვილის კორიდორებს ჰპირდება. პიკეტირების მთავარი მიზეზი ისევ პროპორციული არჩევნებია, ოპოზიციონერები მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები ისევ გაგრძელდება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხვალინდელ აქციაში მონაწილეობა უკვე დადასტურებული აქვს, სირცხვილის კორიდორებს რეგიონებშიც აანონსებს. მათი თქმით, მმართველ გუნდს მხოლოდ ერთი გზა აქვს, უარი თქვას მის მიერ შემოთავაზებულ ფორმულაზე 100/50  და უპირობოდ დათანხმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

სანამ ოპოზიცია ხვალინდელი პიკეტირების გეგმაზე მსჯელობს, მმართველი გუნდი გაფრთხილებებს არიგებს. დედაქალაქის მერმა ოპოზიციას დღეს ღიად მიანიშნა, რომ კანონიდან ნებისმიერ გადაცდომას მწვავე რეაქცია მოჰყვება.

ნებისმიერი სახისა თუ ფორმის პიკეტირებას მიუღებლად მიიჩნევენ ის დეპუტატებიც, რომლებსაც ხვალ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სირცხვილის კორიდორების გავლით მოუწევს. პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ოპონენტებს "ქართული ოცნება" დღეს ბრალს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაშიც სდებდა.

როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის მეხუთე ტური, უცნობია.  ამ დროისთვის არც ერთი მხარე საკუთარი წინადადების უკან წაღებას არ აპირებს.

დღის ამბები