ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, ახალი კანონპროექტი და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს.
სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე პრემიერმა ინვესტორთა საბჭოს ახალი მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი წარადგინა, ასევე საბჭოს ახალი წევრები – გერმანიის ბიზნესასოციაცია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.
"ვისაუბრეთ შრომის ინსპექციაზე, რაც არის ახალი კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებითაც არის ჩვენი მოსაზრება, რომ ზოგიერთი მისი მუხლი არ უნდა განხორციელდეს," - განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ინვესტორთა საბჭოს ფორმატში შემუშავდა.
"სწორედ ინვესტორთა საბჭოს ფორმატში შემუშავდა მთელი რიგი კანონმდებლობა და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ინვესტორთა საბჭოს მხრიდან. ეს არის გადახდის უუნარობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ასევე მომზადდა ასეთი თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს," - განაცხადა ნათია თურნავამ.