ფულის გათეთრების საქმეზე TBC ბანკისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები გამოიკითხნენ. სასამართლო პროცესზე სესხის გაცემის მიზნობრიობაზე 7-მა მოწმემ ისაუბრა.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მასსა და მამუკა ხაზარაძეზე რეპრესიული ქმედებები ხორციელდება, რომლის მთავარი დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
"მამუკაზე და ჩემზე ხორციელდება რეპრესიული ღონისძიებები. ეს არის პირდაპირ მართული ბიძინა ივანიშვილის, უშუალოდ არის ჩართული დაგეგმვაში ამ რეპრესიული ღონისძიებების. პირდაპირ გეტყვით, რომ მის მიერ იქნა გაცემული დავალება 2019 წლის მაისში სასწრაფოდ ჩვენთვის ბრალის წაყენებაზე," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ადვოკატი ზვიად კორძაძის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თებერვალში გრაფიკიდან სამი სხდომა მოიხსნა, რასაც ადვოკატი დადებით მოვლენად აფასებს.
დღესვე განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ 2008 წელს შემოწმების მიზანი არ ყოფილა "სამგორი ემ“-ზე და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხების შესწავლა.
"ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა დაადასტურეს ფაქტი იმის შესახებ, რომ 2008 წელს შემოწმების მიზანი და მიმართულება არ იყო "სამგორი ემ"-ზე და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხების შესწავლა.
შესაბამისად, მათ არ შეუსწავლიათ ეს დოკუმენტაცია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ მიმართულებით არ მოჰყოლია. რაც შეეხება TBC ბანკის თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახსოვდათ კონკრეტული დეტალები, ცალსახად დაადასტურეს, რომ მათ საქმიანობაში ეროვნული ბანკის რეგულაციების განზრახ დარღვევას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა სალომე ჩიქობავამ.