30 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება - ამირან გამყრელიძე

ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის დადგენა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ 3 ადამიანი რჩება.

"ამ ეტაპზე ისევ ვრჩებით დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში, ანუ  ჩვენთან კორონავირუსული ინფექციის  შემთხვევა  დადასტურებული არ არის.

3 ადამიანია დაკვირვების ქვეშ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სინჯები გადაგზავნილია ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ლაბორატორიაში.

გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა ის რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის, რაც დღეს ცირკულირებს ჩინეთში, საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და  რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის აუცილებლობა აღარ იქნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ანა კასრაძის თქმით, ყველა მგზავრს თერმო საზღვარზე თერმო სკრინინგი უტარდებათ.

"თუ მათ აღმოაჩნდათ 38 და მაღალი ტემპერატურა, ისინი უკვე მოწმდებიან ეპიდემიოლოგის მიერ, შეესაბამებიან თუ არა შემთხვევის განსაზღვრებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის 100%-იანი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში უსიმპტომო შემთხვევა არ შემოვა, ამისათვის სხვა დამატებითი ღონისძიებები ხორციელდება," – განაცხადა ანა კასრაძემ.

დღის ამბები