30 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
თბილისში 6 მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირთათვის სპეციალური ლიფტები დამონტაჟდა

დედაქალაქის მასშტაბით 6 მიწისქვეშა გადასასვლელი შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდა. თბილისის მერიას, სპეციალური ლიფტები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცა.

6 ლიფტი მელიქიშვილის ქუჩისა და ფილარმონიის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირსა და მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ, ასევე თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.

"თურქეთის კოორდინაციის და თანამშრომლობის სააგენტოსთან, საელჩოსთან ერთად განვახორციელეთ კიდევ ერთი პროექტი და ქალაქის სხვადასხვა ადგილებზე არის 6 ასეთ პროექტი განხორციელებული. ეს არის სპეციალური ლიფტები შშმ პირთათვის მიწისქვეშა გადასასვლელებში. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომ კიდევ დამატებით ასეთი პროექტები განხორციელდეს სხვადასხვა კონკრეტულ ადგილებზე. მთავარი არის ის, რომ ქალაქში ადამიანები ვინც ეტლით გადაადგილდება მათთვის არ უნდა იყოს არანაირი დაბრკოლება," – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტით საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა არ მთავრდება. 

"თბილისის 6 მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ თავისუფალ გადაადგილებას. ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენი თანამშრომლობა, ველოდებით შემდგომ წინადადებებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ სამომავლოდ ასეთი ტიპის პროექტები," - აცხადებს ფატმა სერენ იაზგანი.

დღის ამბები