საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, თურქეთში კარანტინში მყოფ, ჩინეთიდან ევაკუირებულ ადამიანებს კორონავირუსი არ აქვთ.
ელჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინააღმდეგია რასისტული შეხედულებებისა, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოება მტრულად განაწყოს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის მატარებელი თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
"ჩემთვის ცნობილია, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და ალბანეთის მოქალაქეები. ისინი თვითმფრინავმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა თურქეთში და ახლა კარანტინში არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შემოწმდა მათი ბარგი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა, წინააღმდეგი ვარ რასისტული შეხედულებების, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოება მტრულად განაწყოს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდება თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე,"- განაცხადა ფატმა სერენ იაზგანიმ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი კარანტინში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.