ლანჩხუთში 500-მდე ოჯახი მრავალი წელია, უწყლოდ არის დარჩენილი. გურიაში სასმელ წყალს ჭიდან, ან წყაროდან ეზიდებიან. მოსახლეობის ნაწილმა წყლის სისტემა თავად მოაწყო და სასმელი წყალი სახლში საკუთარი სახსრებით შეიყვანა.
მოსახლეობას წყლის სიტემის მოწყობას ადგილობრივი ხელისუფლება დაჰპირდა. ტენდერიც გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანია შპს "ენდიეს მშენებლებთან" 2018 წლის 16 ნოემბერს მილიონ 135 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გააფორმა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 2019 წლის 20 ივლისს უნდა დასრულებულიყო და მოსახლეობასაც 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეღო.
უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება ისევ აიმედებს, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება აუცილებლად ექნებათ. ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი შპს ”ენდიეს მშენებლებთან” დადებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობს, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე კომენტარს არ აკეთებს.
კურიერის გადამღებ ჯგუფს მერმა ურჩია, დაუმთავრებელ სამუშაოებთან დაკავშირებით თავად კომპანიისთვის და შუამავალი რგოლისთვის, წყალმომარაგების კომპანიისთვის მიემართა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაჯარიმდა. მიუხედავად ამისა შპს "ენდიეს მშენებელს” წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დაახლოებით 10-ჯერ გადაუვადა.
შპს "ენდიეს მშენებლმა" ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 თებერვალს უნდა დაასრულოს, თუმცა სამუშაოების დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გურულებს ეჭვი აქვთ, რომ უწყლოდ ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწევთ.