30 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მალე ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დაწესდება, ვინც სურსათს დიდი რაოდენობით აწარმოებს

შესაძლოა, ყველის მწარმოებლების საქმიანობით გამოძიება დაინტერესდეს. საუბარია რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც, სავარაუდოდ, კანონის გვერდის ავლით, პროდუქციით ობიექტებს ამარაგებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება დაიწყო, 32 შემოწმებული დაწესებულებიდან 23 დაჯარიმდა.

ახლა ამოღებულ პროდუქტს ლაბორატორიული კვლევები უტარდება, რის მერეც გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების გამო რეგულაციების დაცვა სოფლებში გლეხებსაც მოუწევთ.

საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ყველი უამრავ ადამიანს ჩამოაქვს და ეს მათთვის ერთგვარი თავის რჩენის საშუალებაც არის, თუმცა სანდოობა რამდენად მაღალია ბაზარში ნაყიდი ყველის მიმართ, უცნობია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მასშტაბით მიკვლევადობისა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა. დედაქალაქში, პირველ ეტაპზე 32 სწრაფი კვების ობიექტი შემოწმდა.

სააგენტომ გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვრის დადგენილების საფუძველზე მიიღო, რომელიც ფიზიკური და საოჯახო წარმოების სუბიექტების მუშაობის წესის დარეგულირებას გულისხმობს.

ძალიან მალე სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.

სააგენტოში ეჭვობენ, რომ ხშირად ფიზიკური პირების, იგივე ფერმერების სტატუსს ორგანიზებული ჯგუფები არიან ამოფარებულები, რის გამოც გაურკვეველი წარმოების ყველის გაყიდვა-რეალიზაცია გახშირებულია.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რა რაოდენობის არარეგისტირებული ფიზიკური პირი აწარმოებს რძისა და ხორცის პროდუქტებს, რომლებიც შემდეგ უკონტროლოდ დახლებსა და კვების ობიექტებში ხვდება.

პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილების მიხედვით საოჯახო წარმოების სუბიექტი არ შემოწმდება და არ ეხება ახალი რეგულაცია, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელებიც სურსათის წარმოებას, რეალიზაციასა და გადამუშავებას დიდი რაოდენობით ეწევიან. განსაზღვრული წესების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება. არ არის გამორიცხული, დაჯარიმებული ობიექტების საქმიანობით გამოძიებაც დაინტერესდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები