30 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"დევეპლიუსის" მიერ მოგებული ტენდერები და მიღებული მილიონები - ოპოზიცია ბოლნისის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

საგზაო მოწყობა, გარე განათება, მშენებლობა - ეს იმ მომსახურების მცირე ჩამონათვალია, რომელის შესრულებაში ბოლნისის ბიუჯეტიდან კომპანია "დევეპლიუსმა“ 3 მილიონ ლარამდე მიიღო. "დევეპლიუსის" დირექტორი და 50%-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ხმელიძეა, რომელიც, ამავდროულად, ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის სიძეცაა. 22 ტენდერი კომპანიას სწორედ შერაზადიშვილის ჯერ მერის მოადგილედ, შემდგომ კი მერად დანიშვნის შემდეგ აქვს მოგებული. რატომ ანიჭებს ბოლნისის მერია უპირატესობას მხოლოდ "დევეპლიუსს“ - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მერმა არ ისურვა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას ბოლნისის მერია "დევეპლიუსს" გარეგანათების მომსახურების შესყიდვაში უხდის. მერმა საკუთარი სიძის კომპანიას ზედიზედ 4-ჯერ ერთი და იგივე საქმის შესრულებაში, ყოველ წინა ჯერთან შედარებით, თითქმის ასიათასი ლარით მეტი თანხა გადაუხადა. საერთო ჯამში, მერიამ "დევეპლიუსის“ ანგარიშზე ამ გზით მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხა.

"დევეპლიუსის" მიერ, ფაქტობრივად, უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებს ნეპოტიზმის და კორუფციის გამოვლინებას უწოდებს ადგილობრივი ოპოზიცია. ოპონენტების თქმით, "დევეპლიუსმა" 22 ტენდერი სწორედ მას შემდეგ მოიგო, რაც შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობა დაიკავა.

ბოლნისის მერის და კომპანიის დირექტორის ნათესაურ კავშირებზე, მოგებულ ტენდერებზე კომენტარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გააკეთა. გიორგი მათეშვილი დავით შერაზადიშვილის და დავით ხმელიძის ახლო ურთიერთობას ადასტურებს და ამბობს, რომ ტენდერებში "დევეპლიუსის" გამარჯვება ნეპოტიზმს არ უკავშირდება და პროცესი სხვა კომპანიები არ მონაწილეობენ.

 

დღის ამბები