მოძრაობა "გაბედემ" დღეს ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურ ფაზაზე გადადიან და ეცდებიან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ ინფორმაცია ყველა არადემოკრატიული ქმედების შესახებ.
"გაბედეს" წევრების თქმით მათი პრიორიტეტი ახალგაზრდული მოძრაობის გააქტიურებაა.
"მოძრაობა "გაბედე" საჯაროდ და მკაფიოდ აფიქსირებს მზაობას იმისთვის, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, უკომპრომისოდ იბრძოლოს ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეები ირჩევდნენ პარლამენტარებს იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მათ სურთ რომ იყოს წარმოდგენილი და ამავდროულად, ჩვენ ვაანონსებთ მასშტაბურ კამპანიას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანა დადგეს განვითარების გზაზე, რისთვისაც დასაბრუნებელია ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები,"- ამბობს მოძრაობა "გაბედეს" წევრი მიხეილ ქუმსიშვილი.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ხალხის ხმა არ იქნება გამოხატული საარჩევნო ყუთებთან და სანამ პარლამენტში არ შევა ზუსტად იმ პროპორციით დეპუტატების რაოდენობა, რა პროპორციითაც ხალხი მათ აირჩევს,"-აცხადებს მოძრაობა "გაბედეს" წევრი, ანრი ჯანჯღავა.