30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება - საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

ამინდის გაუარესების გამო საქართველოს საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე ამ დრომდე შეზღუდვები მოქმედებს. ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია მოძრაობა კობი-გუდაურის მიმართულებით და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვები. ამისთვის აუცილებელია სამუშაოების დაწყება, თუმცა გზების დეპარტამენტი სინოპტიკურ პროგნოზზეა დამოკიდებული.

გუდაური-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა ის ბოლო წერტილია, სადამდე გადაადგილებაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი. მიზეზი ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული, საგზაო მონაკვეთი კი პარალიზებულია.

24 საათზე მეტია მძიმე პირობებში იმყოფება ის ათობით მგზავრი, რომლებიც ლარსის გამშვები პუნქტისკენ გადაადგილდებიან. მგზავრებით სავსე ავტომობილებს გადაადგილების შეზღუდვა გუშინ შუადღიდან აქვთ.

პრობლემა შეექმნათ სატვირთო ავტომობილებსაც, რომლებსაც პროდუქტი საზღვარგარეთ გააქვთ. ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ავტომობილების კოლონა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე უკვე მეორე დღეა უძრავად დგას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული შეზღუდვისა და ძლიერი ქარბუქის გამო მძიმე ტექნიკა კობის უღელტეხილზე შესვლას ვერ ახერხებს. გუდაურთან ჩარჩენილმა ხალხმა დახმარებისთვის პოლიციას არაერთხელ მიმართა. ზვავსაშიშროების და დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილი გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინდელმა ძლიერმა თოვამ და ქარბუქმა პრობლემა შექმნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც. ამ შემთხვევაში ჩაიკეტა ნინოწმინდის 6 სოფლამდე მისასვლელი გზა. ინტენსიური გზის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აქ შეზღუდვა დღის მეორე ნახევარში მოიხსნა. დიდთოვლობის მიზეზით უგზოობა ჯავახეთის სოფლების მოსახლეობას აპრილამდე აწუხებთ.

დიდთოვლობამ პრობლემა შექმნა კახეთის გზებზეც. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მთელი დღის განმავლობაში იყო დაწესებული.

ამ დროისთვის მოძრაობა კობი-გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე ორივე მიმართულებით აკრძალულია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ზუსტი დროის განსაზღვრა, როდის მოიხსნება შეზღუდვა, არ შეუძლიათ.

დღის ამბები