30 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ბრექსიტი შედგა - დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში დღეიდან 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო

საგა დასრულებულია - ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის განქორწინება 47 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შედგა. 28-წევრიანი ბლოკი ახლა 27 სახელმწიფოსგან შედგება. სანამ ლონდონში ბრექსიტის ბოლო წამების ათვლა დაიწყებოდა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს პრემიერმინისტრმა მიმართა. ბორის ჯონსონმა ბრიტანეთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი დააანონსა და თქვა, რომ მართალია ევროკავშირს ძლიერი მხარეები აქვს, მაგრამ ბრიუსელისა და ლონდონის პრიორიტეტები აღარ ემთხვევა.

"ეს იმედის გასაოცარი წუთია, წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა. არიან ისეთებიც, რომლებსაც მარცხის განცდა აქვთ. ადამიანების ნაწილი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ღელავს. ჩემთვის ყველა ეს გრძნობა გასაგებია. ჩემი მოვალეობაა გავაერთიანო და წარმატებული გავხადო ქვეყანა. ეს დასაწყისია და არა დასასრული, ნამდვილი ეროვნული ცვლილების წუთი. დროა გამოვიყენოთ ამ ბრწყინვალე ქვეყნის სრული პოტენციალი, რათა გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მთავრობის მეთაური მოქალაქეებს უკანონო მიგრაციის გაკონტროლებას, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას და კრიმინალის საბოლოოდ დამარცხებასაც ჰპირდება. ჯონსონის მომხრე ევროსკეპტიკოსები კი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში 31 იანვარს ისტორიულ დღეს უწოდებენ.

"ამისთვის 27 წლის განმავლობაში ვიბრძოდი. ჩვენი მოსმენა არავის უნდოდა, არც რეფერენდუმი სურდათ. თუმცა, ეს დღე მაინც დადგა," - ამბობს ბრექსიტის მინისტრი ნაიჯელ ფარაჯი.

გვიყვარს ევროკავშირი - გზავნილი ევროკავშირს ბრიტანელების იმ ნაწილმა გაუგზავნა, ვინც ბრექსიტის მომხრე არ იყო. ბრიუსელში კი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში დიდი ბრიტანეთის დროშა ჩამოხსნეს. ევროკავშირის დროშა აღარ ფრიალებს ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს შენობაზეც.

არსებული რეალობის მიღებას არ აპირებენ შოტლანდიაში, სადაც დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მაშინ როდესაც უელსსა და ინგლისში უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გაერთიანებაში დარჩენა სურდათ.

"ეს მომენტი გაერთიანებული სამეფოს ბევრი მოქალაქისთვის უდიდესი მწუხარების დღეა. აქ, შოტლანდიაში ეს მწუხარება სიბრაზესთან არის გადაჯაჭვული, რადგან ბრექსიტი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მინდა უფრო მნიშვნელოვან რამეზე გავამახვილო ყურადღება. იმედია შოტლანდიას უკეთესი და განსხვავებული მომავალი ექნება. დღეიდან, ეს მომავალი, მხოლოდ შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული," - განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯეონმა.

შოტლანდიის პირველი მინისტრის მსგავსად ევროკავშირის დატოვებას ეწინააღმდეგებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერიც. თუმცა, ჯერემი კორბინი მიიჩნევს, რომ ახლა წარსულზე საუბარს უმჯობესია კონცენტრირება მომავალზე მოხდეს, რადგან ევროკავშირი ბრიტანეთის ისტორიაში უკვე გადაშლილი ფურცელია.

"მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება. ვემხრობი ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებას და სწორად არ მიმაჩნია ამ მიმართულებით მხოლოდ შტატებთან თანამშრომლობა. ევროკავშირში დარჩენის მომხრე ვიყავი და ამისთვის კამპანიასაც ვაწარმოებდი, თუმცა არსებული რეალობა უნდა მივიღოთ," - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი.

არსებული რეალობის მიღება უჭირთ თუმცა, უკვე სამომავლო გეგმებსა და ბრიტანეთთან განსხვავებულ ფორმატში ურთიერთობაზე ფიქრობენ ბრიუსელში. დღეიდან 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო, რა დროსაც ლონდონსა და ბრიუსელს შორის განსახილველ საკითხებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ერთ-ერთი პრიორიტეტულია

"გვსურს ბრიტანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვქონდეს. თუმცა ეს ურთიერთობა ვერასდროს იქნება იმაზე უკეთესი, რაც ბრიტანეთის ბლოკის წევრობისას იყო. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ძალა არა იზოლაციაში, არამედ ჩვენს უნიკალურ ერთიანობაშია," - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ვან დერ ლეიენი.

"ჩვენი გზავნილი ცხადი, მარტივი და ძლიერია. ჩვენ ევროკავშირს ბრიტანეთთან მაქსიმალურად ახლო ურთიერთობის შენარჩუნება გვსურს. რაც უფრო მეტად ეცდება ბრიტანეთი ევროპული სტანდარტებისგან თავის დაღწევას, მით ნაკლები წვდომა ექნება ერთიან ბაზარზე,"- ამბობს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

სამომავლო თანამშრომლობის იმედი აქვს გერმანიის კანცლერს:

"საჭიროა ინტენსიური მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები არ იქნება ადვილი. პრიორიტეტია სავაჭრო მოლაპარაკებები, სადაც შეფასდება, თუ როგორ ვიმოქმედებთ მომავალში ერთმანეთთან ვაჭრობისას. დიდ ბრიტანეთზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობა სურს. ევროკავშირი დადებითადაა განწყობილი, თუმცა თავისი ინტერესები აქვს. იმედი მაქვს, რომ გვექნება კარგი, გრძელვადიანი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან მისი წასვლის შემდეგ,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა. ინიციატორი მაშინდელი პრემიერი დევიდ ქემერონი იყო, რომელსაც ბრექსიტი თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ხანგრძლივი მძიმე დებატებისა და პოლიტიკური კრიზისის გამო პოსტი ტერეზა მეიმაც დატოვა. ბრიტანელებისთვის მიცემული დაპირების ბოლომდე შესრულება კი მხოლოდ ბორის ჯონსონმა შეძლო.

 

დღის ამბები